Wednesday, June 27, 2012

მოდა და კინო


"კინო და მოდა? არა მგონია, რაიმე კავშირი არსებობდეს, - "აცხადებს Barneys New York -ის კრეატიული დირექტორი საიმონ დუნანი. - "მიუხედავად ბოლო ათწლეულების მანძილზე მოდის გარშემო შექმნილი კულტურული აჟიოტაჟისა, ჭეშმარიტ მოდას ფილმში ძალზე იშვიათად თუ იხილავს კაცი. ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იშვიათად გვხვდება ფილმები, რომელთაც მოდის სამყაროზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია."
ერთი თაობით უკან რომ დაგვეხია, ბ-ნ დუნანს დიახაც მოუწევდა იმის აღიარება, რომ ეს გავლენა თავის დროზე იმდენად ძლერი იყო, რომ კომერსანტებსა და ტანსაცმლის შემქმნელებს მის კვადაკვალ სიარული უწევდათ.



უკვე 60-ან 70-ნ წლებში მაღაზიები და პოდიუმები სავსე იყო ჰოლივუდური გარდერობის ჰიტური ნიმუშების ხშირ შემთხვევაში, პირდაპირი და ზუსტი იმიტაციებით. ფეი დანავეის გმირის - დიდი დეპრესიის ეპოქის გლამურული ქალიშვილის (ფილმიდან "ბონ და კლაიდი", 1967) ეკრანზე გამოჩენის შემდეგ მსოფლიოს მოედო მოხდენილი მიდი ქვედაკაბა, "ორეულები" და კეკლუცი ბერეტები, რომლებიც გმირის ხასიათს ერთგვარ "ბოროტ" მიმზიდველობას ანიჭებდა. დაიან კიტონის გმირის ქალაბიჭური ატრიბუტიკის გამოჩენისას (ფილმ "ენი ჰოლში", 1977) ფანების ლეგიონებმა კიტონის საფირმო ტვიდის კოსტუმების, ხაკის შარვლებისა და სასაცილო ფედორას სტილის ქუდების ტარება დაიწყეს. 1985 წლიდან, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "აფრიკიდან," სპილოსძვლისფერი "ჰეკინგის" სტილის პიჯაკები და საფარის ხაკის სამოსი, რომელსაც მერილ სტრიპის გმირი სავანაში ატარებს, რალფ ლორენის კოლექციის თემად იქცა. გავიხსენოთ ჯონ ტრავოლტაც, თავის თეთრ დისკო-კოსტუმში ფილმიდან "შაბათის ღამის ციებ-ცხელება". (1977). მაგრამ, 1960-იან და 1970-იან წლებში მაყურებელი მხოლოდ მოდის დამამკვიდრებელ ვარსკლავებს (ოდრი ჰეპბერნი, ფეი დანავეი, ელი მაკგროუ) ეთაყვანებოდა. მაშინ არც "ტვიტერები" არსებობდა, არც ბლოგერები და არც სხვადასხვა ცნობადი სახეები, რომლებიც მათ გავლენას დაუპირისპირდებოდა." - ამბობს ჟურნალ "ვოგის" მთავარი რედაქტორი ანდრე ლეონ ტელი. დღეს ქ-ნი ელი მაკგროუს ხალისიანი სტუდენტური სამოსის გავლენა ფილმიდან "სიყვარულის ისტორია" (1970) ალბათ, იმ გოროზი ზმანების კორიანტელში ჩაიკარგებოდა, რომლებიც თავიანთი გარდერობის დემონსტრირებას კონცერტებსა და ტელევიზიაში ან კიდევ ისეთ პოპულარულ ბლოგზე ახდენენ, როგორიცაა The Sartorialist, რომელიც ეპატაჟის მოყვარულ მოდურ ქალბატონებს გემოვნების არბიტრების ტიტულს ყოველდღიურად ანათლავს
.
"დღესდღეობით ფილმის შთამაგონებელი ზეგავლენა მოდაზე აღარ ჩანს." - ამბობს ბ-ნი დუნანი. "მაყურებელს შესაძლოა, თავისთვის მოუნდეს ტყავის პიჯაკი, მარლონ ბრანდოს რომ ფილმ "ველურში" ეცვა, ან კიდევ შალის ქუდი, რომელიც ელი მაკგროუს "სიყვარულის ისტორიაში" ეხურა. "კინო უდაოდ ინარჩუნებს მაყურებელზე ზემოქმედების ძალას," - აღიარებს იგი, "მაგრამ მაყურებელს გარდერობის რაღაც ერთი ნივთი ამოაქვს იქიდან, როგორც თილისმა, რომელიც თითქმის რელიქვიურ სიწმინდედ იქცევა ხოლმე. გავლენა, რომელიც კინოს ჩვენს დროში გააჩნია, ხშირად პირდაპირი არ არის და უფრო ზოგადი შთაბეჭდილებით, ფერის განწობით განისაზღვრება. მაგალითად, 2007 წლის გაზახულის კოლექციაში მარკ ჯეიკობსმა პატივი მიაგო "მარია ანტუანეტას" და მის რეჟისორს, თავის მეგობარს, სოფია კოპოლას; მაგრამ, ეს ექსტრავაგანტული კოსტუმები მხოლოდ ჰაეროვანი სპილოსძვლისფერ-ნაღებისფერი პალიტრით, კარისკაცების მოკლე შარვლებითა და მაქმანის საყელოებით წარმოჩინდა.
"ავატარმა" ისეთი დიზაინერები შთააგონა, როგორიცაა ჯენ კაო და ჟან-პოლ გოტიე, რომელმაც ფილმის ედემური განწყობა თავის იანვრის "ოტ-კუტიურის" კოლექციაში დანერგა. წინა ათწლეულებში ჰოლივუდისა და მეშვიდე ავენიუს შორის სიმბიოტიკური კავშირი დიდწილად ენერგიული მარკეტინგის ნაყოფი იყო. ატელიეები გამალებით ცდილობდნენ დაუვიწყარი კოსტიუმები შეექმნათ; მაგალითისთვის იკმარებდა ჯილბერტ ადრიანის მიერ ჯონ კროუფორდისთვის შექმნილი "ლიპებიანი" ორგანზას კაბა (ფილმი ლეტი ლინტონი, 1932). "მოდა და კინო თითქოს ერთმანეთს კვებავდნენ," -ამბობს იუჯინია პოლიცელი Fashion + Film: The 1960s Revisited,- ის კურატორი, რომელიც ნიუ-იორკში ცენტრ CUNY Graduate -ში 12 მარტს გაიხსნება. პარიზი იმ პერიოდში დიახაც იყო "შიკის" ცენტრი, მაგრამ ჰოლივუდიც უდაოდ გახდა მოდის დედაქალაქი.

ბოლო ათწლეულის მანძილზე კინოს ურყევი როლი საზოგადოებრივი გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდწილად ტელევიზიამ და საკონცერტო სცენამ მიითვისა. კერი ბრედშოუს და მისი მოდაზე გაგიჟებული დაქალების კოსტიუმები (სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში"), როგორც ცნობილია, მანოლო ბლანიკის სტილეტოს ტიპის ფეხსაცმელებს, ბაგეტებსა და მყვირალა, ფირფიტიან ყელსაკიდებს მისცა დასაბამი. დღეს ამ სფეროს კომერსანტს შეიძლება ურჩიო, შთაგონება მეცნიერული ფანტასტიკის კოსტიუმებში ეძიოს, რომლებიც სცენაზე ჯგუფ "ბლექაიდ ფის” წევრებს აცვიათ ხოლმე. მაგრამ, მოდაში კარგად ჩახედულ პირთათვის კინო ძველებურდ რჩება ამოუწურავ წყაროდ და მუდმივ ათვლის წერტილად.
"ის, რაც ფილმს ნამდვილად შეუძლია, არის მაყურებლის მზერის მიზიდვა."
რუთ ლა ფერლა

No comments:

Post a Comment