Wednesday, June 27, 2012

ფედერიკო ფელინი


ფედერიკო ფელინი (იტალ. Federico Fellini) დაიბადა 1920 წლის 20 იანვარს ქ. რიმინიში (Rimini, Emilia-Romagna). რობერტო როსელინი ფელინზე ამბობს: “პატარა ბიჭი სოფლიდან, რომელიც მუდმივად ოცნებობდა დიდ ქალაქზე”.
ბავშვობაში მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა. რამდენიმე დღე სახლში არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი სურდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგიური ნოტა გააჟღერა.
ფედერიკო ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად. ფელინი კინოში რობერტო როსელინიმ მოიყვანა. თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ფელინიმ დაიწყო, როგორც კარიკატურისტმა და სწორედ ერთ-ერთი მორიგი შარჟის ხატვისას ის როსელინიმ შეამჩნია. კარიკატურა შეუქო და ახალგაზრდა მხატვარს სცენარისტობა შესთავაზა. ასე შედგა ფელინის დებიუტი ფილმში “რომი ღია ქალაქია” (1945 წ). დაახლოებით 20 წლის შემდეგ ფელინი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ რომ არა როსელინი, იგი შესაძლოა ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი. როსელინისთან მისი ურთიერთობა გაგრძელდა რამოდენიმე არაჩვეულებრივ ფილმში – Paisa (1946), Europa ’51…

1952 წ. ეკრანებზე გამოვიდა ფილმი The White Sheik, რომელიც ფელინისათვის პირველი ნამუშევარი იყო, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორისათვის… აქ ისიც აღსანიშნავია რომ ფილმის სცენარისტი მისი ერთგული ენიო ფლაიანოს (Ennio Flaiano) გარდა, გენიალური მიქელანჯელო ანტონიონიც (Michelangelo Antonioni) იყო.
1953 წ. ფელინიმ გადაიღო ფილმი The Young and the Passionate, რომელიც “ვერცხლის ლომის” ლაურეატი გახდა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა. ფილმის ცენტრში ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაა, თავისი ბანალური შემთხვევებით და ყოველდღიური ყოფით ომისშემდგომი იტალიის ცხოვრებაში.
1954 წ. გამოდის ნეორეალიზმის ერთ-ერთი შედევრი “გზა” (La Strada), ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის “ვერცხლის ლომი” -ის მფლობელი. 

1960 წ. რეჟისორმა გადაიღო შედევრი “ტკბილი ცხოვრება” (La Dolce Vita) მარჩელო მასტროიანის, ანიტა ეკბერგის და ანუკ ემეს (Anouk Aimée) მონაწილეობით. ფილმი გრანდიოზულ ფრესკას ჰგავს: უამრავი სახე, ირონია და რისხვა, ძირდაცემული მაღალი საზოგადოება. ფელინი გადასწვდა ეკლესიასაც მისი გრანდიოზული მისტიფიკაციებით, პრესას, რომელიც ყველაფერს აკეთებს სენსაციური მასალის მოსაპოვებლად და დაკარგული ორიენტაციის მქონე დაბნეულ ინტელეგენციას. ფელინის მთელი ირონია ტკბილი ცხოვრების შესახებ, ლამაზი ქალები, ეგზალტირებული ულამაზესი ქერა სკანდინავიელი გოგონები, თუ ბრიტანელი ინტელქტუალი ქალები, რომლებიც თავის ქალურ ბედნიერებას იტალიელ მამაკაცებთან ეძებენ, ღამის ორგიები მრავალსაუკუნოვან პალაცოებში, თუ ულტრათანამედროვე ზღვისპირა ვილებში; საერთაშორისო ჯეთ-სეტი, რომლისთვისაც იტალია ერთადერთი გასართობია, ლამაზი მანქანები, დაობებული ბებერი არისტოკრატი ქალები, რომლებიც ძლივს დადიან, მაგრამ გიჟივით დააჭენებენ ექსქლუსიურ ბუგატებს თუ მაზერატებს, უკანა დასაჯდომზე ევროპის “ოქროს ახალგაზრდობით”; თვალისმომჭრელი შავ-თეთრი ფანტასმომაგორიები, ნინო როტას ჯაზ-ბლუზ-როკ-ენ-როლის მელოდიები, ვია ვიტორიო ვენეტოს მთელი ბრწყინვალება და სიღატაკე – და ეს ყველაფერი მოქმედებს როგორც ნარკოტიკი. ამ ყველაფრით ასე დაღლილი ჟურნალისტი მარჩელო რუბინი, ვისთვისაც, “ტკბილმა ცხოვრებამ” მეგობრის თვითმკვლელობის მერე საბოლოოდ დაკარგა აზრი. ფინალი ყველგვარი იმედის გარეშე

ფედერიკო ფელინის მსოფლიო კინოს დიდ ბავშვსაც უწოდებდნენ,საკუთარ თავზე მრავალი მითი ჰქონდა გამოგონილი, კერძოდ ის ამტკიცებდა, რომ 3 წიგნზე მეტი არ ჰქონდა წაკითხული, სინამდვილეში კი მისი ახლობლები ყვებოდნენ რომ მთელი ბავშვობა წიგნის კითხვაში გაატარა. იგი ამბობდა რომ ცუდი მოსწავლე იყო მაგრამ მასწავლებლები ამტკიცებდნენ რომ იგი სანიმუშოდ სწავლობდა. მრავალი მითი თუ ფანტასმაგორია არსებობდა მის შესახებ, რომლის ავტორი თვითონვე იყო და ამ მითებს ხორცი შეასხა საკუთარ ფილმებში.
ფედერიკო ფელინის შემოქმედებითმა სტილმა ისეთი ცნობილი რეჟისორის შემოქმედებაზე მოახდინა ძლიერი ზეგავლენა როგორიც არიან: ვუდი ალენი, დევიდ ლინჩი, დევიდ კრონენბერგი, სტენლი კუბრიკი, პედრო ალმადოვარი, ტიმ ბარტონი, ემირ კუსტურიცა და სხვები.
wyaro:http://burusi.wordpress.com

No comments:

Post a Comment